ყაზბეგური ისტორიები
სნო სტეფანწმინდიდან 8 კმ დაშორებული და ზღვის დონიდან 1760 მეტრზეა განლაგებული.
სნოს ციხე
სნო სტეფანწმინდიდან 8 კმ დაშორებული და ზღვის დონიდან 1760 მეტრზეა განლაგებული. აქ ულამაზესი სნოს ციხეა აგებული, რომლის მშენებლობაც არაგვის ერისთავებისთვის შიოლა ღუდუშაურს გამოუთხოვია .
სნოს ციხეზე შემდეგი თქმულება არსებობს: ერთხელ, ლეკების შემოსევის დროს, მოხევეები სნოს ციხეში გამაგრებულან. ერთი კვირის განმავლობაში ომი არ შეწყვეტილა. სნოს ციხის მეთოფეებს წამალი შემოლევიათ და ბრძოლა შეუწყვეტიათ.
არშის მეციხოვნეებს ამოვან ავსაჯანისთვის უთხოვიათ: „სნოვლებს წამალი მიაწოდე და სამაგიეროდ თემი ვალად დავდგებით, რომ შენი შთამომავლობისთვის ქალი უთხოვარი იყოს და სუფრა უწევარიო“ ესეიგი მის შთამომავალს ქალს საცოლედ ვერვინ დაუჭერდა და სუფრაზეც ყველგან უკითხავად შეეძლო მისვლა.
ამოვანი ლეკური ტანსაცმლით შემოსილა და სნოველი მეციხოვნებისთვის თოფისწამალი გადაუცია. სნოვლებს კი ლეკები დაუმარცხებიათ.
სნოს ციხეზე გამაგრებულ მებრძოლეების შესახებ ნათქვამია ლექსი:
„სნოს ციხემ მაშინ შესტირა,
თვალები დაისველაო,
ნეტავი ჩემთა მეთოფეთ
ყელან ვინ გაუსველაო.
ან ცოტა პური მაჭმივა,
ან ძილით მამისვენაო,
თოფებ ვინ დაუგრიალა
წამალი დამისველაო.“
სოფელ სნოში შენარჩუნებულია ძველი ტრადიციებით ნაგები სახლების 60 პროცენტი და თუ გაივლით ქუჩებს ამაღელვებელი სანახაობა გელოდებათ, თითქოს ერთი საუკუნით უკან გაბრუნებს სოფლის არქიტექტურა. სოფელ სნოდანაა საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორეც. სნოდან იშლება ულამაზესი ხედი მყინვარზე. უამრავი ლეგენდა არსებობს სნოსა და სნოს მაცხოვრებლებზე.