სიონის ციხე

2018-12-19 0 კომენტარები kazbegi

სოფელი სიონი მდებარეობს სტეფანწმინდიდან 8 კმ მანძილზე.  სოფელს გადმოჰყურებს ხევის სიონის ეკლესია და სადარაჯო კოშკი, რომლებიც ზღვის დონიდან 1860 მეტრზეა.

სოფელ სიონში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის აგებას ხალხი თამარ მეფეს მიაწერს. ამ მეცხრე-მეათე საუკუნეთა ორსართულიანი ბაზილიკის ქვედა სართულები ლოდებითაა ამოყვანილი, კარის მარჯვენა მხარეს მდებარე ქვის სავარძლების საზურგეებზე ჯვრებია ამოკვეთილი. მათზე ხევის უხუცესნი ისხდნენ და სათემო საქმეებზე ბჭობდნენ.  ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ქვის კვადრატებით, ტაძარში დასავლეთ კედელზე შემორჩენილია მოხატულობის კვალი.

              ეკლესიის მახლობლად ციცაბო კლდეზე დგას  ოთხსართულიანი , პირამიდისებრი სადარაჯო კოშკი, იქვე აღმართულია  მემორიალური ქვა- სტელა, რომელსაც თავდაპირველად ჯვარი აგვირგვინებდა . ერთ ქვაზე შემორჩენილია ღვთისმშობლის და ჩვილის გამოსახულების ნაშთი, ხოლო ფუძის რვაკუთხა ქვაზე ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი.

ამ ციხესთან დაკავშირებით ასეთი თქმულება არსებობს:

სოფელ სიონისა და სოფელ ხურთისის ციხე, გადმოცემით, ერთდროულად შენდებოდა. ორივეს ხელოსანი იყო თავისი საქმის კარგი მცოდნე და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სულ. თქვეს რომელი უფრო უკეთეს ციხეს ააშენებდა. ხურთისის ციხის ხელოსანსა ჰყავდა ბიჭი, სიონის ციხისას - გოგო და მათ ერთმანეთი უყორდათ. ეს იცოდა სიონის ციხის ხელოსანმა და უთხრა სასიძოსა: თუ გინდა გამაგაყვალა ქალიო (გოგო), დემეხმარეო და მამაშენს შეუშალე ხელი ციხის აგებაშიო. სამუშაოს რომ მორჩებოდა ხელოსანი, მისი ვაჟი ადიოდა და ქვას გადაწევდა პატარ-პატარა მანძილით - მაშინ მშრალი წყობით იგებოდა ციხეები. მამას უხაროდა, ეგონა ამოწმებდა მის ნამუშევარს. როდესაც ააგო ციხე და შეამოწმეს, კედელი გამოვიდა მრუდი. მაშინ მიხვდა მამა, რომ  უღალატა შვილმა და იმასაც თუ რატომ ადიოდა  ყოველ საღამოს იქ და რატომ ტრიალებდა ციხეში შიგნით.  აიყვანა ციხეზე და დაანახვა კედელი. ვისი ბრალიაო და გადმოაგდო ციხიდან. არ აპატია ღალატი. იმან სიყვარულის გამო გააკეთა, რომ გოგოს მამა დახმარებოდა, ამან - ღალატი ვერ აპატია.

        ეკლესიის უკან ხელმარჯვნივ ოდნავ ზემოთ ბუნებრივად გამოკვეთილი გამოქვაბუებია საიდანაც გზა გადადის სიონის უმშვენიერეს ტყეში. ქედზე გადავლით შეიძლება გასვლა სოფელ ვარდისუბანში.

აუდიოჩანაწერი