სოფელი კარკუჩა

2018-12-19 0 კომენტარები kazbegi

სოფელ ახალციხის ხიდთან მარჯვნივ გადასახვევია და მთის ძირას გაყოლებული გზით  შედიხარ ართხმოს ხეობაში სადაც გვხვდება პატარა ჩანჩქერი. ეს ხეობა დაცლილია ხალხისგან და სოფელი ართხმო არის მხოლოდ ნასახლარი სადაც ზოგჯერ ზაფხულში ადიან  მწყემსები. დავბრუნდეთ უკან და გადავიდეთ ხიდზე  . სოფელი ახალციხე თავისი ულამაზესი ღვთისმშობლის სახელობის  ბაზილიკური ეკლესიით.

        ახალციხის გაღმა ზღვის დონიდან 1880 მეტრზე მდებარეობს სოფელი ქოსელთა რომელშიც ერთადერთი მოსახლე ცხოვრობს ზამთარ ზაფხულ მხოლოდ. გზას გავუყვებით  და წინ სოფელი კარკუჩა გვხვდება მრავალი ძველი ისტორიებით. თავის სოფელზე კარკუჩის მკვიდრი ბაღა მარსაგიშვილი გვესაუბრა:

„საერთოდ ჩვენი ხევი და ჩვენი მამა-პაპა, მაგარი ხალხი იყო, მაგრა იცავდნენ ჩვენს მიწა-წყალს. ახლა მე იმათი ისტორია არ ვიცი და ვერ შევეხები. მე ვიცი ჩვენი სოფლის ისტორია და იმას შევეხები. ჩვენი წინაპარი იყო მაგარი ხალხი, 100 კომი იყო მაში. სამი სოფელი იყო, ერთი ხუტარს ვეძახდით და მეორე ეკალი გაღმა. 58000-60000 სული ცხვარი ყავდა პირადი, კერძო. ახლანდელზე უარესი დრო იყო, ზაფხულის ცხვარს კვებდნენ აქ, მარტო ჩვენ მთებში კი არა, არხოტი ერქვა, იქ ქირაობდნენ და გადადიოდნენ. ზამთრის 17 ხაზეინი (ცვრის მეპატრონე) იყო, ზოგს  6 000 სული ყავდა, ზოგს 7, ზოგს 5 ზოგს 2 და 1500 მეტნაკლებად იყო. და ზამთრის მეტრანახევარი თოვლი მოდიოდა კარკუჩაში და ცხვარს ვერ დაჰყრიდნენ და ვერ დახოცავდნენ. აიქცივიან თავები, წავიდოდნენ და გადიოდნენ. მარიგებითაც იყო, დაჭრებიც იყო და ესე ჩადიოდნენ იმათ სოფლებში. თერგს გაღმა გავიდნენ ჩვენები, კარკუჩის, მთელი 17 ხაზეინი. იქ მერე ნაური იყო შალკოვი, შიდრინი, კარგალიკა, დუბაცკოი, ბერეზინკა.  ეს ადგილები ეკუთვნოდა ჩეჩნებს, ქისტებს, ოსებს, დაღესტანს. სოფლის ადგილებს ქირაობდნენ და ასე ჩავიდნენ ყიზლარის ზამთრის საძოვრებზე, დაღესტანში, სადაც ბოლოს ჩვენები ცხვარს აზამთრებდნენ. მაგ ქვეყანაში მიდიოდნენ ხოცვით და ჟლეტით. იქ მაშინ ველური ხალხი იყო. ლექსიც არის დაწერილი მაგაზე.

სოფელ კარკუჩის მეცხვარეს

ბეწვი ურევა მგლისაო,

ყიზლარში ცხვარი გარეკეს

არ გაირიეს სხვისაო,

ყიზლარის ბოლოს ჩავიდნენ

 სახლები დადგეს ხისაო,

ცხვარი მინდორში გაუშვეს არ ეშინია მტრისაო.

მერე გასაბჭოვდნენ, ჩამოართვეს მწყემსებს პირადი, არ დაუგდეს არც ერთი, გააკულაკეს. ცხენებიც წაართვეს, სახედრებიც და ძაღლების კი წაართვეს. კარკუჩის ცხვრით კოლმეურნეობები ჩამოაყალიბეს. იძულებული გახდა ყველა გლეხი რომ დაეთმო ქონება და საბჭოთა კავშირის მიერ მათივე ქონებით შექმნილ კოოპერატივებში ემუშავათ. ზამთრის საძოვრების გზა  ვლადიკავკაზზე და გროზნოზე გადიოდა, მოგვიანებით ქალაქებიდან სოფლებზე და მინდვრებზე (აჩალუკი, ვაზნისეცკაია, მინდორი ბურნებს ეძახოდნენ) გადაიტანეს და მილიცია გამოუყვეს რო არ დაეღონათ. ღამე ჩეჩენ-ინგუშები ეცემოდნენ. მწყემსები შეიარაღებული იყვნენ რადგან ცხვარს ართმევდნენ, 1000, 500.700 ცხვარს „მაგისხლეტდნენ.“ (მოგტაცებდნენ) დიდი მამა პაპა იყო ჩვენები!

ჩვენი კარკუჩა დიდი სტიქიური სოფელია! მეტრანახევარი თოვლი მოდიოდა. გახედავდი ხან იმას დაეცემოდა ზვავი და ხან იმას. 39 წელს 5 ადამიანი მოყვა ზვავში და იქედან 3 ვეღარ ამოვიდა ცოცხალი. 54 წელს 20 იანვარს სოფლის კანტორას დაეცა, 13 კაცი მოყვა ზვავში, 5 დაიღუპა და 7 მთელ-მკვდარიღა ამოვიდა. 56 წელს ხუტრას რო ვეძახოდით იმ სოფელს დაეცა. 16 თებერვალს მთელ სოფელს, 7 მაში ამოვიდა მიცვალებული,ბავშვებიც, ბევრები, დიდი უბედურება იყო. მერე ზემოთ სოფელს დაეცა, ერთი დედაკაცი იყო, მარო ერქვა და ის დაიღუპა, მეც ვთხრიდი მაში, განა პატარაი ვიყავ. მერე ზვავები აგუბებდა ამ ჩვენ არაგვს (მდინარე) და აი როგორც ტბა კეთდებოდა, აივსებოდა და გადმოვიდოდა. ეს ჯებირები ნელად გააკეთეს, ადრე არ იყო. და იმდენი წყალი „სუტკობრი“ მოდიოდა სოფელზე. შემოანგრევდა კარებს და ფანჯრებს. ჭერამდე ადიოდა წყალი. საქონელსაც ხოცავდა, ცხვარსაც, ფრინველსაც. წავიდოდით მთაში ავიდოდით და ვისხდით იქ სიცივეში და თოვლში იმ ზამთარშიი. მაინც არ გავტყდით! ახლა 16 ოჯახი ვართ და არსად არ მივდივართ. ახლაც არის ზვავები და წყალდიდობა, მაგრამ არსად არ მივდივართ. ალბათ აქ უნდა მოვკვდეთ. სადაც ჩვენი მამა-პაპა ასაფლავია, იქ უნდა დავსაფლავდეთ ჩვენა.“

       სოფელ კარკუჩაში არის კერძო მუზეუმი , რომელიც დაუარსებია ვალიკო მარსაგიშვილს /ახლეთ ვალიკოს/ მას შეუგროვებია კარკუჩლების ძველი საყოფაცხოვრებო ნივთები , ხელსაქმის ნიმუშები. ამ მუზეუმს თქვენ ზაფხულში, მხოლოდ ორი თვის განმავლობაში შეგიძლიათ ესტუმროთ.

გავდივართ კარკუჩიდან და აქვე  გვხვდება პატარა ძველი სოფელი- ხუტრა, რომელიც ბაღა მარსაგიშვილმა თავის მონათხრობში ახსენა. 

აუდიოჩანაწერი