ყაზბეგური ისტორიები
ზღვის დონიდან 2200 მეტრზე სტეანწმინდიდან 20 კილომეტრში თავისი ულამაზესი ჭაუხებით გვხვდება სოფელი ჯუთა.
ჯუთა
ზღვის დონიდან 2200 მეტრზე სტეანწმინდიდან 20 კილომეტრში თავისი ულამაზესი ჭაუხებით გვხვდება სოფელი ჯუთა. აქ მოსახლეობის მთლიან ნაწილს წრმოადგენენ ხევსურები კერძოდ არაბულები. გარდა ულამაზესი ჭაუხებისა ჯუთასთან ახლოს არის ტბა და გადასასვლელი სოფელ როშკაში, უღელტეხილის გავლით, საკმაოდ პოპულარული მარშუტია ტურისტებისთვის და განსაკუთრებით საფეხმავლო ტურიზმის მოყვარულთათვის .
ერთი ასეთი ამბავი მომხდარა ჯუთაში:
დაახლოებით მე-19-ე საუკუნის დასაწყისში ,სოფელ ჯუთაში ცხოვრობდა ერთი ახალგაზრდა,კარგი გარეგნობის,დედისერთა ვაჟკაცი,რომელსაც აპარეკულთ მინდიას ეძახოდნენ.ჰყავდა ერთი და,დედა და როშკელი ცოლი- ლელა,რომელიც ძალიან ლამაზი ქალი ყოფილა.
ჯუთლებს მთიდან რომ თივები ჩამოეტენათ,თურმე ელოდებოდნენ პირველი თოვლის მოსვლას,ამ დროს უფრო იოლი ყოფილა თივის დაცურება.მინდიას უთხოვია თანატოლი ბიჭებისთვის,მოხმარებოდნენ თივის ჩამოზიდვაში,ახალგაზრდებს უთქვამთ,საორჭოფო ამინდიაო,მაგრამ მინდიას მაინც დაუჟინია და ამათაც ხათრი აღარ გაუტეხია და გაჰყოლიან.
ამინდი საშინლად არეულა,ქარბუქი ამოვარდნილა და თვალთახედვაც აღარ ყოფილა,მომწყდარა ზვავი და ეს ახალგაზრდა ბიჭები დაუტანია. გასულა მთელი სოფელი საშველად,სუყველა ცოცხალი ამოუყვანია,გარდა მინდიასი,რამდენიმე დღიან ძებნას უშედეგოდ ჩაუვლია...
სოფელს და ოჯახს გლოვა გამოუცხადებია.დარჩენილა გამწარებული ოჯახი,მათშორის ფეხმძიმე ცოლი.ორმოცამდე ძლივს მიუღწევია საწყალ დედას და ორმოცის დღეს გადრაცვლილა,ამის შემხედვარე დასაც გული გახეთქვია და დარჩენილა ლელა მარტოდმარტო.
ვაჟიშვილი გაუჩენია ბეჩავ ქალს.გასულა ცოტაოდენი დრო და ამ ყრმასაც სახადი შეხვედრია და დარდისგან განადგურებულ ქალს ვერც ის გადაურჩენია.
გაზაფხულზე უპოვიათ მინდიას ცხედარი, ლელას ყველა წესი წესისამებრ დაუდგია, ყოველ შაბათს სანთელს თურმე ანთებდა და სოფელს შენდობის სათქმელად ტაბლაზე ეპატიჟებოიდა.
მინდიას მოხუც ბიძას როშკელებისთვის შეუთვლია, გამოდით და თქვენი ქალი წაიყვანეთო, ღირსეულად შეინახა დღემდე თავი და არავინ რამე აკადროსო. არ წაჰყოლია ლელა მამისკერას ,შემოდგომაზე გამოგყვებითო, შეჰპირებია. მან კარგად იცოდა, თუ გაჰყვებოდა, გაათხოვებდნენ და მას ეს მინდიას ღალატად მიაჩნდა.
მკის პერიოდი ყოფილა, შაბათი დღე ,სოფელს ადრე დაუუქმებია და სახლში წამოსულთ დიდ ლოდთან ლელას ნამგალი და მანდილი შეუნიშნავთ. მოუკითხია ლელა და ვერსად უპოვიათ. სოფელი მალე მიმხვდარა რაც მოხდა. წყალ-წყალ დაუწყია ძებნა და საწყალი ქალი წყალში დამხრჩვალი უპოვიათ. წყალში უპატიოდ რომ არ ენახათ, ლელას სიკვდილის წინ ქმრის ტანსაცმელი ჩაუცვამს და ყველგან თოკებით მოუჭერია ,რომ წყალს არ გაეხადა. აი, ასე შესწირა თავი ქმრის ერთგულებას...
დღემდეა მინდიას საფლავი ჯუთაში, ძველისა და ახალი საფლავების მიჯნაზე, რომელიც მის მთიულ ნათლიას თავისი ხელით გამოუკვეთია ლოდი, რომელზეც ლელას ნამგალი და ტანისამოსი იპოვეს, სოფლის შესასვლელში ხიდთან შეგიძლიათ ნახოთ. მასზე ახლა ჯვარია აღმართული.