დარიალის მცველები

2018-12-18 0 კომენტარები kazbegi

მრავალი ლეგენდა  და ნამდვილი ამბავი არსებობს  დარიალის ხეობაზე  . ერთ- ერთი  ნამდვილი ამბავი „ დარიალის მცველებს“  შეეხება:

1918 წელს, როდესაც საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ეს ფაქტი ვერ აიტანეს რუსმა აგრესორებმა და რუსეთიდან გამოაგზავნეს დამსჯელი რაზმი. ამ რაზმის მეთაური იყო ქართველი, გენერალი საშა გეგჭკორი. როდესაც რუსეთის რაზმი დარიალის კარიბჭეს მიადგა, იქ მათ დახვდათ ქართველი მებრძოლი მოხევეები და არ შემოუშვეს ისინი.

დარიალის კარიბჭესთან სასტიკი ბრძოლა გაიმართა და 30 000 ადამიანი დაიღუპა მეთერთმეტე არმიიდან. ვლადიკავკაზის შესასვლელში არსებული ძმათა სასაფლაო არის მათ სახელზე არსებული სასაფლაო. ქართველების მხრიდან დაიღუპა მხოლოდ 3 ადამიანი. მათგან ერთ-ერთი იყო კოტე სიმონის ძე ქავთარაშვილი, ერთი წიკლაური და ერთი თოფაძე. დაიჭრა ლუკა ღუდუშაური, რომელიც კოტე ქავთარაშვილის გვერდზე იბრძოდა. მოხევეების მხრიდან იყო სამი სნაიპერი ადგილზე და როდესაც რუსულმა რაზმა შემოუტია მათ, ერთ-ერთმა სნაიპერმა, ჩოფიკაშვილმა ფეხში დაჭრა რუსეთის არმიის წინამძღოლი, საშა გეგეჭკორი. მას ფეხი მოკვეთეს და ვინაიდან იმ დროს მედიცინა არ იყო კარგად განვითარებული, დაუყენეს ხის ფეხი და შეარქვეს ,,ხისფეხიანი გენერალი’’. მოხევეების მხარეს შემთხვევით აღმოჩნდა ერთი მებრძოლი, რომელიც იმერელი იყო და რომლის სახელი და გვარი უცნობი არის. როდესაც მან შეამჩნია მოხევეების გმირული და თავდადებული ბრძოლა, მაშინ მან შემდეგი სიტყვები თქვა: ,, ჯერ მოხევეებს გაუმარჯოს და მამრე ყარტაყურტას ქართველებსაო’’. რადგან რუსული არმია დარიალის მხრიდან ვერ შემოვიდა, ისინი დერბეტზე შემოვიდნენ და თბილისიდან მოხევეებს შემოუთვალეს რომ ქალაქში უკვე წითელი არმია და დროშა ფრიალებდა.

ამ ისტორიასთან დაკავშირებული ხალხური ლექსიც არსებობს:

,,დარიალაჩი იბრძოდა მარტო მოხევის ჯარიო,

გრუზავიკებით გაჰქონდა ნათოფი რუსის მკვდარიო.’’

    ცოტა ქვემოთ მარცხენა მხარეს არის მდინარე დევდორაკი, რომელიც ზაფხულის წყალუხვობის დროს თოვლის და დევდორაკის ყინულის დნობისას აგრეთვე უხვი ნალექის დროს იკრეფს ძალას და დიდდება  მოედინება შავი  ამღვრეული და უზარმაზარ ლოდებს მოაგორებს. ამაზე მეტყველებს კალაპოტში დარჩენილი ქვები.

     გავცდებით თუ არა კლდის ქიმს  წინ ულამაზესი სანახაობა იშლება :  წმინდა  მთავარანგელოზების მიქაელის და გაბრიელის სახელობის ტაძარი, რომელიც აგებულია პატრიარქის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით.  მისი მშენებლობა დაიწყო 2005 წელს და დღესაც გრძელდება. 

დასრულებული  წარმოდგენილი იქნება 12 ტაძრით. ეკლესია ნაშენებია კობის წითელი ქვით  იგი მამათა მონასტერია  და  როგორც ქრისტიანული სახელმწიფოს სიმბოლო და დამცველი გვხვდება როგორც კი რუსეთ-საქართველოს საზღვარს გადმოვკვეთავთ, რომელიც აქვე, ერთ კილომეტრში მდებარეობს.

    მამათა მონასტრიდან  თერგის მეორე ნაპირზე, შემაღლებულზე, მოსჩანს თამარის ციხე, რომელიც მოვიხსენიეთ ილიკოს ლეგენდაში.

იმედი გვაქვს რომ მოგეწონათ ჩვენი ისტორიები და ახლა კი შეგიძლიათ დატკბეთ თქვენს თვალწინ გადაშლილი ულამაზესი ბუნებით.

აუდიო ჩანაწერი