გორისციხის აკლდამები

2018-12-19 0 კომენტარები kazbegi

სოფელი ფხელშიდან მივდივართ სოფელ გორისციხეში.  გორისციხის აკლდამებამდე გზა მიდის ფხელშის ხიდიდან. ვუხვევთ გორისციხის გზის დასაწყისთან ხელ-მარცხნივ. შემდეგ გავივლით ღვთისმშობლის შობის ეკლესიას, სათიბ- საძოვრებს და მოვხვდებით აკლდამებთან

სოფელ გორისციხეში არსებობს ერთი ძალიან საინტერესო და მისტიური ადგილი, რომელსაც ,,აკლდამებს’’ ეძახიან. შუა საუკუნეებში კეთრი გავრცელდა და მოსახლეობამ გადაწყვიტა რომ სოფლიდან მოშორებით ამოეთხარა ორმოები, სადაც დაავადებულები ჩადიოდნენ საკუთარი ნებით, რადგან დაავადება სხვებისთვის არ გადაედოთ. ორმოებში იყო კედლები და შესაძლებელი იყო ერთი ორმოდან მეორეში გასვლა. ისინი ორმოებში ატარებდნენ დარჩენილ ცხოვრებას. იყო შემთხვევები, როცა ბავშვი ავადდებოდა და ჯანმრთელი დედაც ჩადიოდა მასთან ერთად ორმოში. იქ მყოფი ადამიანებისთვის ნათესავებს მიჰქონდათ საჭმელი და რამდენიმე მეტრის მოშორებით უტოვებდნენ. დაავადებული ადამიანები საბოლოოდ სიცოცხლეს ორმოებში ასრულებდნენ. მთელი ადგილი კლდეებით არის დაფარული და ორმოებიც მათ შორის მდებარეობს. იქ მოხვედრა და გზის გაგნება არ არის რეკომენდირებული ადგილობრივი ადამიანის თანხლების გარეშე, რადგან შესაძლოა შემთხვევით ორმოში ჩავარდე.

სოფელ გორისციხის მკვიდრნი თავის სოფელში ოდითგანვე მამაწმინდობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ამ ტრადიციის შესახებ შენგელი ავსაჯანიშვილმა გვიამბო:

მამაწმინდა არის ქრისტიანული და ამავდროულად საკულტო სალოცავი. სოფელში არსებობს მისი ნიში. ხატობის ადგილზე მიდიოდნენ, საკლავს კლავდნენ, მიჰქონდათ ქადა-გასტეხელი და ანთებდნენ სანთელს. ლოცულობდნენ ქრისტიანულად მაგრამ იყო წარმართული ელემენტებიც. მეორე სალოცავი მდებარეობს სოფლის თავზე, მაღალ მთაზე, რომელსაც წვერთას ვეძახით. იქ ადრე იყო მონასტერი. გათხრების შედეგად მოსახლეობამ აღმოაჩინა კედლები. ამ ადგილზე მოღვაწეობდნენ ბერები, იყო ტაძარი და წირვა-ლოცვა მიმდინარეობდა. ძირითადად ქრისტიანული წესით მიმდინარეობდა ლოცვა მაგრამ საკულტო ელემენტებს მაინც შეიცავდა რიტუალები. ასევე, მყინვარწვერის ,,კუდებში’’ არის სალოცავი, რომელსაც რუხის ოქროს მამაწმინდას ვეძახით. იქ იყო ვერძის ოქროს თავი, რომელიც კომუნისტების დროს მოიპარეს. ამ ადგილზე ცხოვრობდნენ ბერები და ასევე დეკანოზები, რომლებიც ორმოცი დღე გადიოდნენ ცალკე, ულაპარაკოდ და განიწმინდებოდნენ. შემდეგ ჩამოდიოდნენ ხატში და იქ ასრულებდნენ წირვა-ლოცვას. ეს ტრადიცია დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა და იშვიათად ადის მოსახლეობა. რუხის ოქროს მამაწმინდა ზღვის დონიდან დაახლოებით 4500 მეტრზე მდებარეობს. რუხის მამაწმინდის სალოცავში ქალების მისვლა არ შეიძლებოდა. არსებობს ნამდვილი ფაქტი, რომ სოფლის მკვიდრნი წავიდნენ სალოცავად. იყო მზიანი ამინდი და ცა იყო მოწმენდილი. მეზობელი სოფლიდან მოვიდნენ მამა და შვილები. მათ შორის იყვნენ ქალები. დაიწყო წვიმა და გადაუღებლად წვიმდა მთელი ღამე. გამთენიისას ქალები რომ წამოვიდნენ სალოცავიდან, წვიმამ გადაიღო. ამის შემდეგ ხალხში იყო რწმენა, რომ ხატი ქალებს არ იღებდა.
თუ დავდგებით აკლდამების პირდაპირ, გავიხედებით ხელმარცხნივ და დავინახავთ მამაწმინდის მთას, რომელსაც წვერს ეძახიან. ხელმარჯვნივ დავინახავთ სიონის ეკლესიას და კოშკს.

შემდეგი სოფელს ვარდისუბანი ქვია. გორისციხეს და ვარდისუბანს პატარა ხიდი აკავშირებს. ამ ხიდზე თუ დადგებით სახით ვარდისუბნისკენ, თქვენგან მარცხნივ დაინახავთ სოფელ ტყარშეტის კანიონს.

აქ ჩვენ დაგტოვებთ, თუმცა თუ კიდევ გაქვთ დრო შეგიძლიათ სოფელ ტყარშეტს და მის ულამაზეს კანიონს ესტუმროთ.