ყაზბეგური ისტორიები
"ისტორიის აღმოჩენა - სოფლების განვითარება ყაზბეგის რეგიონში"
დარიალის მარშრუტი
დადარიალის ვიწროებში მშვენიერი გზადკეცილი მიდის და შავ კლდეებს შორის გველივით მიიკლაკნება. სტეფანწმინდიდან გასულებს პირველ რიგში მდინარე ჩხერეზე გადებული ხიდი გვხვდება, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი წმინდა სამებაზე და მყინვარწვერზე.
გზა ვიწროდ მიდის ჩრდილოეთისაკენ და იშლება ხედები თერგის უზარმაზარ კალაპოტზე. სტეფანწმინდიდან დაახლოებით 6 კილომეტრში, ხელმარცხნივ დაინახავთ მოუპირკეთებელ გზას, რომელიც სოფელ ცდოში აგიყვანთ. ცდო ზღვის დონიდან 1760 მეტრზე მდებარეობს. ეს უძველესი ისტორიული სოფელი საინტერესოა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით.
ვაგრძელებთ გზას ჩრდილოეთისკენ და გვირაბის გავლით ვხვდებით პატარა ნიშთან , რომელიც თეთრი კირითაა შეფერილი და პატარა ჯვარი ადგას. მას მოხევეები ნათლისმცემლის ხატს ეძახიან, იოანე ნათლისმცემლის საპატივცემულოდ. მდინარის გაღმა თუ კარგად დააკვირდებით, მთის ქიმზე, კრამიტით გადახურულ პატარა ეკლესიას შეამჩნევთ. ამ ადგილს „ნახერეთი“ ჰქვია.
11 სექტემბერს აქ აღინიშნება იოანე ნათლისმცემლის დღესასწაული. რადგან ეს დღე მძიმე მარხვაა, მოხევეები მეორე დღეს -12 სექტემბერს მიდიან ხატში (სალოცავში) საკლავ-საწირით. მე-20 საუკუნის ბოლოს საბჭოთა წყობის გაუქმების შემდეგ მდინარე თერგის ამ ნაწილში ხდებოდა ხალხის მასიური ნათლობა.
მოუსმინეთ აქ დარიალი