ფიქრია წამალაიძის ფოტო ინტერვიუ

2017-12-27 0 კომენტარები kazbegi

ვაგრძელებთ ფოტო ინტერვიუებით ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრთა ისტორიების შექმნას.

ამჯერად ჩვენი ბლოგერი 23 წლის ფიქრია წამალაიძე გახლავთ, ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ერთერთი ყველაზე აქტიური მოხალისე, პროფესიით ფსიქოლოგია და თავის უსაზღვრო ენერგიას და ენთუზიაზმს არ ზოგავს საინტერესო პროექტების დაგეგმვასა და ორგანიზებაში.

ფიქრია ყაზბეგის განვითარების მიმართულებით აქცენტს ახალგაზრდების აქტიურ ცხოვრებაზე, არაფორმალურ განათლებასა და თინეიჯერების საინტერესო პროექტებში ჩართულობაზე აკეტებს, სწორედ ამ მოტივაციით ახორციელებს პროექტს „Kazbegi Young Walkers”  და საგანმანათლებლო ლაშქრობებს აწყობს მოხევე ახალგაზრდობისთვის.

სულ თავის ბავშვებზე ლაპარაკობს და ლელიანშც კი წაიყვანა იქაური ბავშვების გასაცნობად. სამომავლოდ ბევრი კარგი იდეა აქვს და სურს რომ მოხევე ახალგახრდებს საინტერესო ცხოვრება ჰქონდეთ და ისეთ გარემოში იცხოვრონ სადაც თავისი შესაძლებლობების რეალიზებას მოახდენენ და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბდებიან.

ფიქრიას ბლოგი ყაზბეგის ახალგაზრდა მოხეტიალეების და მისი ემოციების შესახებ არის...  

მიმეჩქარებოდა მენახა ჩემი პატარა მეგობრები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ ვიცნობდი. მინდოდა მეგრძნო თუ რას განიცდიან, რას მოელიან ჩემგან, ეს ხომ ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო.

მე ვიყავი ის ვინც მათ ერთმანეთს გააცნობს, დაამეგობრებს და შესაძლოა ისინი განუყრელი მეგობრები იქნებიან. როცა დავინახე ბავშვების მოციმციმე თვალები ვიგრძენი რომ მე მათ რაღაცას ვჩუქნიდი, რაღაც ისეთს რასაც ვერავინ წაართმევს. მთელი გულით ვგრძნობდი როგორი ბედნიერები არიან ამ ერთი დღით და რამდენად დიდი იყო მათი მოლოდინი ამ დღისადმი. ერთი სული ჰქონდათ გაეცნოთ ახალი მეგობრები, გულდასმით მისმენდნენ რომ ესწავლათ ყველაფერი რასაც ვასწავლიდი და სახლში დაბრუნებულები ოჯახის წევრებს მოუყვებიან როგორ ითამაშეს, მოაწყვეს კარვების ბანაკი, ნახეს ჩანჩქერი თუ ჭიუხვები და ისწავლეს ბევრი სხვა რამე.

ისინი დღეს ჩემი მეგობრებიც არიან და უბედნიერესი ვარ როცა ვხედავ რომ ჩემი მოლოდინი გამართლდა და დასახული მიზანი მიღწეულია, ისინი ხომ დღეს საუკეთესო მეგობრები არიან. ერთფეროვან სამყაროს და არაფრისმომცემ კომპიუტერულ თამაშებს თუნდაც ერთი დღით მოვწყვიტე ბავშვები და შევაყვარე მათ არა ვირტუალური არამედ რეალური ურთიერთობები, გარემო სადაც გაიზარდნენ მათთვის ხელშესახები გახდა და ახლა უკვე პატარა მოლაშქრეები არიან საინტერესო იდეებით და ერთად სააიამოვნო თავგადასავლების მაძიებლები. სადაც მივდივარ ყველგან ვყვები ,,ჩემებზე", ისინი უკვე იმდენად არიან ჩემები, რომ მათი იმედი ყველაფერში შემიძლია მქონდეს. პირველად რა თქმა უნდა გამიჭირდასაკუთარ თავზე ამეღო პასუხისმგებლობა, იყო ამდენი ძალიან კარგი ბავშვის, ძალიან კარგი მეგობარი თუმცა მგონია შევძელი.

 ახლა უკვე მე და ,,ჩემები" ვიცი რომ ერთად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ, ამისთვის მხოლოდ გაზაფხულია საჭირო და ისიც მალე მოვა. ახალი შემართებით და მათთვის მომზადებული სიურპრიზებით დავიწყებთ ხეტიალის, სწავლის, სიახლეების და ცვლილებების სეზონს. ჩემს გუნდს და საკუთარ თავს ვუსურვებ, ყველა ჩანაფიქრის 100% ასრულებას. მინდა რაც შეიძლება მეტი მოციმციმე თვალები დავინახო და ვიგრძნო რომ ეს დღე მათ ცხოვრებაში ახლის დასაწყისი იქნება.

ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მოხალისე ფიქრია წამალაიძე



Let us know what you think

* Required field

კომენტარები (0)