ბლოგი
Nanuka's photo-interview
გაიცანით ნანუკა ავსაჯანიშვილი
ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ადგილობრივი მოსხალისეების მოკლე ისტორიებს გთავაზობთ ფოტოინტერვიუების სახით.
ნანუკა პროფესიით ფსიქოლოგია, ზაფხულიდან ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს მოხალისედ შემოუერთდა და ერთერთი მნიშვნელოვანი პროექტის კოორდინატორი გახდა, 23 წლის ნანუკა მოტივირებულია თავისი რეგიონისთვის სასიკეთო საქმე აკეთოს, არსებული პოტენციალი გამოიყენოს და მიღებული გამოცდილება სამომავლოდ კარიერის კიბეზე ასვლაში დიდ როლს რომ ითამაშებს ესეც გააზრებული აქვს, სწორედ ამ გარემოებებმა გადააწყვეტინა დედაქალაქიდან მთაში დაბრუნება, აკადემიური წლის აღება და ახლა უკვე ფერმერულ ფესტივალთან ერთად სხვა საინტერესო აქტივობებში ერთვება.
გაიცანით ნანუკა ავსაჯანიშვილი.
ადამიანებს გვიყვარს მომავლის დაგეგმვა ისე, რომ სამომავლო გეგმებში ჩვენი სურვილები და ოცნებებიც ერთიანდება და თუ მიზანსწრაფული ხარ ყველაფერს აკეთებ რომ მიზნამდე მიხვიდე. თუმცა ზოგჯერ ჩვენი ლამაზად დალაგებული გეგმები იცვლება და აღმოვაჩენთ ხოლმე რომ უბრალოდ ადგილის ცვლილებაც კი მთელს ჩვენს სამყაროს ცვლის. მეც ჩემი პროფესიით გამოცდილების მიღებაზე ვიყავი ორიენტირებული და სრულიად დაუგეგმავად აღმოვჩნდი გარემოში, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა... ყაზბეგში მოხევეებთან მუშაობა არის ბედნიერება და მათი მკაცრი ბუნებაც კი სხვების სითბოზე მეტად მიყვარს. ჩემი პირველი პროექტი, რომლის გახორციელებაშიც მივიღე მონაწილეობა არის ყოველკვირეული ფერმერული პროდუქტების ფესტივალი ყაზბეგში. ამ პროექტმა შესაძლებლობა მომცა შევხვედროდი ფერმერებს, მენახა მათი ყოველდღიური საქმიანობა, გამეგო მათი სურვილები და აზრები და საბოლოოდ უფრო მეტად დამეფასებინა მათი შრომა. ამის სანაცვლოდ ჩვენ მათ მივეცით შესაძლებლობა რომ ყოველკვირეულ ბაზრობაზე გამოეტანათ თავიანთი პროდუქცია და მოეხდინათ მათი რეალიზაცია. ამ ყველაფერმა ბევრს ძველი დროც გაახსენა. მოხევეების შეკრება ყაზბეგის ცენტრში და ბაზრობების მოწყობა. ამიტომ გვინდა აღვადგინოთ ხევში ძველი ტრადიცია და მოხეური, ნატურალური პროდუქციის პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი. მართალია ბევრ სირთულესაც შევხვდით და იყო მომენტები როცა იმედსაც ვკარგავდი, რადგან ადგილობრივ ფერმერებს აქვთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და მოთხოვნაც შესაბამისად იმდენად დიდია რომ მათ აღარ შეეძლოთ მუდმივი მომხმარებლის გარდა სხვისთვისაც მიეწოდებინათ პროდუქცია ბაზრობის მეშვეობით. ასევე ფერმერები არ იყვნენ დაინტერესებულები რომ წარმოება გაეზარდათ და თვითონვე შეეთავაზებინათ მომხმარებლისთვის თავიანთი პროდუქცია. ამ ყველაფრის მიუხედავად მე არ შემეძლო დანებება რადგან ჩემი ჯგუფისგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობდი. 7 ოქტომბერს, როცა ოფიციალურად უნდა გაგვეხსნა ფერმერული პროდუქტების ფესტივალი ამინდმაც კი ხელი შეგვიწყო და საოცრად ლამაზი დილა გათენდა. მყინვარს რომ ვუყურებდი ძალა მემატებოდა და ჩვენ დავიწყეთ... ჩემმა უზომოდ მეგობრულმა და თბილმა ჯგუფის წევრებმა ჩემთან ერთად გაიკეთეს წინსაფრები, გავშალეთ კარვები, შევაგროვეთ ფერმერების პროდუქცია, ვუმასპინძლეთ დუშეთის ფერმერთა კლუბს და მხიარულად შევუდექით საქმეს. დახლთან დგომა და ადგილობრივი ფერმერების პროდუქციის გაყიდვა და მათი დახმარება იმდენად სახალისო და სასიამოვნო იყო რომ დღემ ჩაიარა გადაჭარბებული ემოციების ფონზე. რომ ვხედავდი მოხევეებს ერთად შეკრებილს, ერთმანეთის პროდუქციის ყიდვით და თვალიერებით დაკავებულს, მომღიმარი სახეებით, გული სიხარულით მევსებოდა. დღის ბოლოს, როცა დაღლილობა ვიგრძენი სახლში მიმავალს შემხვდა ერთ-ერთი ფერმერი რომელიც ჩამეხუტა და მთელი გულით მითხრა სიტყვები "ბედნიერი ვარ რომ გაგიცანი!". მივედი სახლში, დავჯექი ფეჩთან, გავიხსენე ბავშვობა, როცა ბებოსთან ხელჩაკიდებული ველოდებოდი ხოლმე საღამოს ჩვენი ძროხის მოსვლას და თან ყვავილებს ვკრეფდი და მივხვდი რომ თუ შენ იპოვი შესაფერის გარემოს, ხალხს ვინც გაბედნიერებს, ადგილს, რომელიც მხოლოდ კარგ მოგონებებს და ფიქრებს აღძრავს შენში ეს ყველაფერი საკმარისია რომ ბედნიერი იყო!!!