დარიალის დამცველნი

2017-07-24 0 კომენტარები kazbegi

                                             დარიალის დამცველნი

„დარიალაჩი იბრძოდა

მარტო მოხევის ჯარიო,

გრუზავიკებით გაჰქონდა

ნათოფი რუსის მკვდარიო“

     საქართველოს უახლეს ისტორიაში არის ერთი ლამაზი ფურცელი სამშობლოსთვის უბრალო ხალხის თავგანწირვისა.საქმე ეხება ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიას საქართველოს დამოუკიდებლობის გამოვცხადებისთანავე და მოხევეთა შეუდრეკელ ბრძოლას დარიალის დასაცავად.

1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა.ეს იყო ჩვენი ერის უდიდესი გმირობა და ვაჟკაცობა, რომლის შესახებაც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს და მომავალმა თაობამ გაანალიზოს თუ რის ფასად დაუჯდა მათ წინაპრებს მშობლიური მიწის შენარჩუნება.

დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე ბოლშევიკურმა რეჯიმმა შეუპოვარი ბრძოლა დაიწყო ქართულ დემოკრატიული ხელისუფლების წინააღმდეგ.უტევდნენ როგორც საზღვრებს გარედან,ასევე ქვეყნის შიგნიდან ცდილობდნენ ციხის გატეხვას.1918წლის 27 მაისიდან 15 ივლისამდე დიდი ბრძოლები გადაიტანეს მოხევეებმა დარიალის დასაცავად.იბრძოდნენ ორ ფრონტზე-ჩრდილოეთით რუს ინტერვენტებთან და სამხრეთით აჯანყებულ ბოლშევიკებთან.მიუხედავად ამისა, მაინც შეძლეს დარიალის დაცვა და რუსეთს არ მისცეს დამოუკიდებლობის აღდგენის უმალ ქართულ სახელმწიფოს მოშთობის საშუალება.დარიალში ბრძოლები რუსი ბოლშევიკების მარცხით მთავრდებოდა.იყო მნიშვნელოვანი მსხვერპლი მათი მხრიდან.საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ვლადიკავკაზში მოწყობილ ბოლშევიკ ძმათა სასაფლაოზე,17ათას ბოლშევიკთაგან ნაწილი სწორედ დარიალში დახოცილა.მიუხედავად ამისა რუსეთი აგრესიას თავს არ ანებებდა.რუსეთის აგრესიას კიდევ უფრო აძლიერებდა იმ დროს მიმდინარე სამოქალაქო ომი მის სამხრეთ ნაწილში.ბოლშევიკური მთავრობა ცდილობდა რაც შეიძლება სწრაფად ჩაეგდო ხელში დარიალის კარიბჭე და გაენადგურებინა საქართველოს დამოუკიდებლობა, რათა აჯანყებულებისთვის ყველანაირი უკნდასახევი გზა მოეჭრათ.პირველ ბრძოლაში განცდილი მარცხით,რომელიც ბოლშევიკების განადგურებით დასრულდა დარწმუნდნენ, რომ დარიალის აღება არ იყო იოლი საქმე და მოინდომეს მისი შიგნიდან გატეხვა.როგორც დარიალის დამცველთა ერთ-ერთი მეთაურის სიმონ შადურის წერილებიდან ვკითხულობთ: „27მაისს დაიწყო პირველი ბრძოლა დარიალში რუს ბოლშევიკებთან,რაიცა დასრულდა მათი სრული დამარცხებით: 32 მოვუკალით, 68 დავუჭერით და 27 ტყვედ წამოვიყვანეთ. წავართვით ტყვიისმფრქვეველი, ბევრი თოფი და დიდძალი პატრონა... გმირულად ებრძოდნენ მტერს სტეფანწმინდელები სნოვლები და ცდოვლები დაწყებული 27 მაისიდან 15 მკათათვემდის.“ დარიალის დამცველ მოხევეებს ძველი წესისამებრ თავდაცვის სისტემა ისე ჰქონდათ ორგანიზებული, რომ კლდოვანი რელიეფის და ვიწრო ხეობის გათვალისწინებით, მოსული მტრის სიმრავლე უპირატესობას კარგავდა. პირველივე ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, ბოლშევიკებმა გადაწყვიტეს ციხე შიგნიდან გაეტეხათ. სწორედ ამიტომ, რუსეთის რევოლუციის სამხარეო კომიტეტის დავალებით ქართველმა ბოლშევიკებმა სოფელ წილკანსა და მისაქციელში მუხრანბატონთა მიწების დაპირებით აიყოლიეს გლეხობა და 17 ივნისს დაიწყო აჯანყება. ხელში ჩაიგდეს დუშეთის მაზრა და გამოაცხადეს  ბოლშევიკური ხელისუფლება ამის შემდეგ აჯანყებულები დაიძრნენ ყაზბეგისაკენ, რათა გაეხსნათ დარიალის კარი და რუსი ბოლშევიკები საქართველოში შემოეშვათ, როგორც აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი გ.ლაფანაშვილი განმარტავს: „ჩვენი მიზანი იყო აჯანყების გაფართოება, დარიალის გახსნა,თერგის საბჭოთა ხელისუფლებასთან შეკავშირება და მისი სათანადო დამარცხებით თბილისზე იერიშის მიტანა და „დემოკრატიული ხელისუფლების“ ჩამოგდება.“ ბოლშევიკებმა დუშეთის მაზრის გლეხობა,მოხევეთა წინააღმდეგ იმ საბაბით აიყოლიეს, რომ მარცვლეული, რომელიც რუსეთიდან უნდა შემოეტანათ, თითქოს სტეფანწმინდელების მიზეზით ვერ შემოდიოდა. მოსახლეობას კი ამ დროს ძალიან უჭირდა პური, მშიერი და გაღატაკებული გლეხობა ადვილად წამოეგო პროვოკაციას. დიდძალი ბრბო დაიძრა ყაზბეგისაკენ, მათი მიზანი იყო „უწესობის მომხდენ ჯარის კაცების იარაღის აყრა და გზის გახსნა.“ ბოლშევიკებმა აჯანყებულები სოფ.სიონში დააბანაკეს თუმცა ერთ მუშტად შეკრულ მოხევეების დამარცხება მათ  ვერ შეძლეს და პირველსავე ბრძოლაში უკან დაიხიეს. რადგან ძალით ვერაფერს გახდნენ ბოლშევიკებმა ტაქტი შეცვალეს, მათ მლეთიდან ყაზბეგს ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს  6000-მდე შეიარაღებული აჯანყებულის შესახებ,რომელიც ყაზბეგელთა წინააღმდეგ დაიძრა დუშეთიდან. ამან მოხევეებს გული გაუტეხა თუმცა ისინი დანებებას არ აპირებდნენ და მეამბოხეები იძულებულნი გახდნენ დელეგატებისთვის სტეფანწმინდაში მისვლის უფლება მიეცათ მოსალაპარაკებლად.მოხევეები ყველა დონეს ხმარობდნენ აეცილებინათ თავიდან ძმათა შორის სისხლისღვრა და მოლაპარაკებას უყოყმანოდ დათანხმდნენ. „სამწუხარო და სატირალი იყო ეს სურათი გონიერი ადამიანისაგან, როცა ამოდენა ქართველ ხალხს ამისთანა უგუნურ უტვინო მდგომარეობაში ხედავ. საწყალი ქართველი გლეხობა,არ იციან ვის ემორჩილებიან ასე ბრმად, მათ მტერი მოყვარედ დაუსახავთ და მოყვარე მტრად. გონიერი ქართველი კაცი ამ სურათის დანახვაზე დაღონდება“-ვკითხულობთ ს.შადური ერთ-ერთ წერილში. მოხევე უხუცესები ყველანაირად ცდილობდნენ აჯანყებულთათვის გაეგებინებინათ თუ რა უგუნურებას სჩადოდნენ საკუთარი თავის და ქვეყნის წინაშე. უგუნური ბრბოს დახმარებით საბოლოოდ მაინც მოხერხდა დარიალის კარის გახსნა. და იქიდან „პურის და მარცვლეულის“ მაგივრად სტეფანწმინდაში ბოლშევიკების ჯარი შემოვიდა. გადამწყვეტი ბრძოლები მოხდა 4-დან- 15-ივლისის ჩათვლით.საქართველოს სახალხო გვარდიამ ვ.ჯუღელის მეთაურობით გაარღვია აჯანყებულთა რიგები დაიკავა დუშეთი და ყაზბეგისკენ დაიძრა.აჯანყებულები მარცხს-მარცხზე განიცდიდნენ.შეუპოვრად ებრძოდნენ „დარიალის მცველები“ ვალიკო ჯუღელის გვარდიასთან ერთად რუს ბოლშევიკებს.შემდგომში თავის წერილებში ვ.ჯუღელი აღტაცებული იხსენებს მოხევეთა ვაჟკაცობას და მათ შეუპოვრობას მტრის წინააღმდეგ-„მოხევეები იბრძოდნენ როგორც ლომები.ჩვენმა ჩამოსვლამ აღაფრთოვანა  ისინი, მოხევეები საუკეთესო მსროლელები და გულადი მეომრები არიან, მე მინახავს მოხევეები, რომელთაც ზურგზე ბოლშევიკებისგან წართმეული 10-12 შაშხანა თოფი ჰქონიათ,მაგრამ მაინც დაუღალავად უდევნებიათ მტრისთვის.“

ვ.ჯუღელი დიდი სიმპატიით საუბრობს მოხევეებზე „ჯერ მოხეევეებს გაუმარჯოს და მერე დანარჩენ ქართველებსაო“-ეს გამოთქმა რომელიც მოხევეებს თითქოსდა ზედმეტი თავმოწონების მაგალითად მოაქვთ ხოლმე, სწორედ მისი ნათქვამია 1918 წლის 21 ივლისს სამების მონასტერში გამართულ სადილზე.

უდიდეს სიამაყეს იწვევს, იმ უბრალო მოხევეების თავგანწირვა და ერთგულება თავისი ქვეყნისადმი, რომელთაც მოახერხეს დარიალის დაცვა ორივე მხრიდან თავდასხმების მიუხედავად. მათში მტკიცედ აღმოჩნდა მამა-პაპისგან ტრადიციით მიღებული მოვალეობა-საქართველოს კარის-დარიალის დაცვისა.

ეს ისტორია არის ღირსების ტრიუმფი,არამარტო მოხევეებისთვის, არამედ მთელი ქართველი ერისთვის. ჩვენი წინაპრები სამშობლოს სიყვარულთან მხედრულ მხნეობასთან ერთად, ამჟღავნებდნენ უდიდეს გონიერებას და სიმტკიცეს. 1918 წლის მაის-ივნისში დარიალში მოხევეების თავდადებული ბრძოლის გარეშე, მივიღებდით მეტად სავალალო შედეგს. რუსეთის ჯარი იოლად გამოივლიდა დარიალს და აჯანყებულთა დახმარების საბაბით, დაამხობდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას.

მოვლენების ასეთი განვითარებით, ხომ კარდინალურად შეიცვლებოდა საქართველოს ისტორია-თუ საბოლოოდ არ მოისპობოდა ეროვნული თავისუფლების იდეა, ის სამი წელი დამოუკიდებლობა ხომ აღარ გვექნებოდა, რომელიც ალბათ მთელ საუკუნეს სჯობდა.

ავტორი : ოთარ წამალაიძე

ყაზბეგის განვითარების ჯგუფი პასუხს არ აგებს მოცემულ მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებსა და ფაქტებზე “



Let us know what you think

* Required field

კომენტარები (0)